Aa
Aa

სრული სიგიჟე პარიზში! - მსოფლიო ჩემპიონები სამშობლოში დაბრუნდნენ

მსოფლიოს რიგით 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში, გუნდს გულშემატკივრები დახვდნენ, რომელთაც თასით, კაპიტანი - უგო ლორისი შეეგება, მის გვერდით კი მთავარი მწვრთნელი - დიდიე დეშამი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნოელ ლე გრაე იმყოფებოდნენ.

„სამფეროვნების“ ავტობუსი პარიზის ერთ-ერთ მთავარ გამზირ „შანზ ელიზე“-ზე გაჩერდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონებს ათასობით ადამიანი ელოდა. ნაკრების ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმა და პრეზიდენტმა სახელმწიფოს ჰიმნი ერთობლივად შეასრულეს.

ღია ავტობუსით, პრეზიდენტის სასახლემდე აღლუმი მოეწყო, რის შემდეგაც გუნდის სრული შემადგენლობა ემანუელ მაკრონმა და პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა მიიღეს. ქვეყნის პრეზიდენტმა ნაკრების თითოეულ ფეხბურთელსა და პერსონალის წევრს, საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, ღირსების ორდენი გადასცა.

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო და ორივე წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი დიდიე დეშამი გახლავთ. 1998 წელს, იგი „მამლების“ კაპიტანი იყო, ახლა კი გუნდის მთავარი მწვრთნელია.

ქალაქ პარიზის მმართველი სატრანსპორტო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ნაკრების წარმატების აღსანიშნავად, 6 მტროსადგური სახელს შეიცვლის. ვიქტორ ჰიუგოს სადგურს, „ვიქტორ ჰიუგო ლორისი“ დაერქმევა, ხოლო ერთ-ერთი სადგურის სახელწოდება „ნოტრე დიდიე დეშამი“ გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები