''მე არასდროს გავჩერდები'' - მარადონა ბრესტის ''დინამოში'' წარადგინეს
Aa
Aa

''მე არასდროს გავჩერდები'' - მარადონა ბრესტის ''დინამოში'' წარადგინეს

ბელარუსული საფეხბურთო კლუბის ბრესტის ''დინამოს'' პრეზიდენტად ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა დაინიშნა.

არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ბელარუსიას მას შემდეგ ეწვია, რაც რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიფას ელჩის ფუნქციები შეასრულა. დიეგო კერძო თვითმფრინავით ბელარუსიაში ჩაფრინდა და ბრესტის სტადიონისკენ ყველგანმავალი სამხედრო მსუბუქი ავტომობილით, ''ჯიპით'' გაემართა.

მარადონას ბრესტის აეროპორტში გულთბილად დახვდნენ

ორი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ბრესტის ''დინამო'' გაკოტრებას გადაურჩა. კლუბში იმდენად მძიმე ფინანსური ვითარება იყო, რომ ქომაგებს თხოვდნენ თანხის შეგროვებას ფეხბურთელთა მაისურების შესაძენად.

კლუბში ვითარება დალაგდა, როცა ''დინამოში'' ახალი ინვესტორი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მოვიდა. ინვესტორი ახალი სტადიონის აშენებას გეგმავს, რომელიც 30 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

''ახალი გამოწვევის არ მეშინია. სერიოზულ პროექტში მონაწილეობის არ მეშინია. კლუბში დასაქმებული ხალხი საქმეს სერიოზულად უდგება. მე მჭირდება გამოწვევა, მნიშვნელოვან გეგმებში მონაწილეობა იმის ჩვენებისთვის, რომ არასდროს ვაპირებ გაჩერებას'' - წარდგენისას აღნიშნა მარადონამ, რომლის თქმით ძირითადი გუნდის გარდა მნიშვნელოვანია აკადემიის განვითარება.

''დიეგო ბრესტში იცხოვრებს. ვფიქრობ ხალხი მატჩების სანახავად მთელი მსოფლიოდან ეწვევა ჩვენს ქალაქს'' - განაცხადა ''დინამოს'' განვითარების დირექტორმა ვიქტორ რადკოვმა.

მარადონა  ბრესტის ''დინამოს'' სტადიონზე

ბრესტის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელი ალექსეი შპილევსკია, რომელსაც გერმანულ ფეხბურთში მუშაობის გამოცდილება აქვს. ფეხბურთელობისას ''შტუტგარტის'' წევრი იყო, თუმცა ზურგის მძიმე ტრავმის გამო კარიერა ნაადრევად დაასრულა. 2009 წლიდან გერმანულ საფეხბურთო კლუბებში მუშაობდა. 30 წლის შპილევსკი ''შტუტგარტისა'' და ''ლაიფციგის'' ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობდა. როგორც მარადონას, ასევე შპილევსკის დანიშვნა 2018 წლის მაისში გადაწყდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები