ქართველები ასტანაში - გორგოძემ მოიგო, ბოლქვაძე დამარცხდა...
Aa
Aa

ქართველები ასტანაში - გორგოძემ მოიგო, ბოლქვაძე დამარცხდა...

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ქალთა საჩოგბურთო 80 ათასიანი ტურნირი დაიწყო, რომლის ძირითად ბადეშიც 2 ქართველი - ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე ასპარეზობდნენ.

გორგოძე ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი და გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. იგი დღეს ადგილობრივ ანასტასია ასტახოვას დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად, 6:2; 6:4 დაამარცხა. ეკოს ეისი არ ჰქონია და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე ქულების 66% (35-დან 23), ხოლო მეორეზე 64% (14-დან 9) მოიგო.

რაც შეეხება მსოფლიოს 437-ე ჩოგან ბოლქვაძეს, იგი 21 წლის რუს ვარვარა ფლინკს შეხვდა და 3:6; 3:6 წააგო. მარიამს მოწოდება არ წაუვიდა - ეისი არ შეუსრულებია, ორმაგი შეცდომა კი საკმაოდ ბევრი ჰქონდა - 6. არადა, ქართველს პირველი მოწოდების კარგი პროცენტი ჰქონდა - 68.

პირველ სეტში რუსის უპირატესობა აშკარა იყო, აი მეორე პარტიაში კი პირველი ბრეიკი ბოლქვაძემ გააკეთა და 3:2 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ ზედიზედ 4 გეიმი და მასთან ერთად, თამაშიც წააგო.

ეკო გორგოძე WTA-ს ამჟამინდელ რეიტინგში 267-ე ადგილზეა. იგი 1/8 ფინალურ სტადიაზე ამანმურადოვასა და აინიტდინოვას მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.

აკგულ ამანმურადოვა 34 წლისაა და ერთ დროს მსოფლიოს 50-ე ჩოგანი გახლდათ, ახლა კი კლასიფიკაციის 445-ე საფეხურზეა. გოზალ აინიტდინოვა კი 19 წლისაა და ამჟამინდელ რეიტინგში 524-ე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები