Aa
Aa

ის დაბრუნდა! - ჯოკოვიჩმა ბოლო 25 თვეში პირველი დიდი სლემი მოიგო!

უიმბლდონის წლევანდელი გათამაშების მამაკაცთა თანრიგის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც 1/2 ფინალში, რაფა ნადალს ეპიკური მატჩი მოუგო, გადამწტყვეტი დაპირისპირებისას კი კევინ ანდერსონს აჯობა.

2016 წლის როლან გაროსის შემდეგ, ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირების ფინალში პირველად თამაშობდა, ხოლო მისი მოწინააღმდეგე ამ კატეგორიის გათამაშებათა ფინალში, საერთოდ მეორედ ასპარეზობდა - სამხრეთ აფრიკელმა  გასული წლის ამერიკის ღია პირველობის ფინალი, რაფაელ ნადალთან დათმო.

"ნოლე" ანდერსონს ურთიერთშეხვედრებში 5:1-ზე ამარცხებდა, საბოლოოდ, ეს ტენდენცია გაგრძელდა და სერბმა მეტ-ნაკლებად იოლი გამარჯვება მოიპოვა.

თამაშის პირველ და მეორე სეტში ბრძოლა პრაქტიკულად არ ყოფილა და ორივე პარტია ჯოკოვიჩმა ერთნაირი ანგარიშით - 6:2 აიღო. ანდერსონს არაფერი გამოსდიოდა, მისი გამოცდილი ვიზავი კი ჩვეულად დამაჯერებელი გახლდათ და მეტოქის თამაშში არსებულ ხარვეზებს სათავისოდ იყენებდა.

გიგანტმა აფრიკელმა თამაში მე-3 სეტში გამოასწორა, როცა საკუთარ მოწოდებებს თავისუფლად იგებდა, მეტოქისაზე კი არაერთი შანსი მიეცა, თუმცა... ჯოკოვიჩს ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, ანდერსონს კი ჯამურად 6 ბრეიკ-პოინტი მიეცა, თანაც მათგან 5 ამავდროულად სეტ-პოინტი გახლდათ.

სერბმა საფრთხე გაანეიტრალა, საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა, იქ კი პრობლემა აღარ ჰქონია და მატჩი 3 სეტში დახურა - 6:2; 6:2; 7:6.

გორან ივანიშევიჩის 2001 წლის ტრიუმფის შემდეგ, ჯოკოვიჩი უიმბლდონის ყველაზე დაბალრეიტინგიანი გამარჯვებულია. ივანიშევიჩი მაშინ მსოფლიოს 125-ე ჩოგანი იყო, ნოვაკი ამჟამად მე-12-ეა. 

ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მეოთხედ მოიგო, საერთო ჯამში კი მე-13 დიდი სლემის ტიტულს დაეუფლა. "ჯოკოს" 6-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 4-ჯერ უიმბლდონი, 2-ჯერ ამერიკის ღია პირველობა და ერთხელ როლან გაროსი აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები