''დავარტყი ისე, როგორც ჰარდენი აგდებს კალათში'' - ''პატარა გუნდი ვართ დიდი გულით''
Aa
Aa

''დავარტყი ისე, როგორც ჰარდენი აგდებს კალათში'' - ''პატარა გუნდი ვართ დიდი გულით''

პოლონეთის სუპერთასის ფინალში ლუკა ზარანდიას ''არკამ'' 3:2 დაამარცხა ვარშავას ''ლეგია.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველმა შემტევმა ითამაშა, რომელმაც პოლონეთის ჩემპიონს ბრწყინვალე გოლი გაუტანა. ვარშავაში გამარჯვების ზარანდია canalplus-ს ესაუბრა.

გამარჯვების შემდეგ

''ჩვენ ვართ პატარა გუნდი დიდი გულით, რაც კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ გუნდთან, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატში დომინირებს და ყოველ წელს ტიტულებს იგებს. აქედან გამომდინარე ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ თასს გდინიაში ჩავიტანთ.''

ზარანდიას გოლი

''პირველი გოლისას ადამ მარჩინიაკმა ძალიან კარგად ითამაშა. მე მქონდა დრო და შემეძლო მარცხენა ფეხით დარტყმა. ეს არის ჩემი თამაშის სტილი. თითოეულმა ჩემმა თანაგუნდელმა კარგად იცის რას აკეთებს მოედანზე. მადლობა მათ, რომ შევძელით სასურველი შედეგის დაფიქსირება.''

გოლის აღნიშვნა ჯეიმს ჰარდენის სტილში

''არკას'' შემტევმა გატანილი გოლი ''ჰიუსტონ როკეტსის'' კალათბურთელ ჯეიმს ჰარდენის სტილში აღნიშნა. ზარანდიამ მედიასთან საუბარში აღნიშნა: ''როდესაც ჰარდენი ისვრის, ბურთი კალათში ''სუფთად'' ეშვება. ბურთი არ ეხება არაფერს. ჩემი გოლიც ასეთი გამოვიდა. როგორც მინდოდა, ისე გამოვიდა.  ბურთი არაფერს შეეხო და გოლი გავიდა. ''ათიანში'' გავარტყი. ბურთი იმ მიმართულებით წავიდა, როგორც უნდა წასულიყო.''

ეროვნული ნაკრები

პოლონელმა ჟურნალისტმა ზარანდიას ეროვნულ ნაკრებში თამაშთან დაკავშირებით ჰკითხა, რაზეც 22 წლის ფეხბურთელმა უპასუხა: ''საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უკანასკნელ ორ ამხანაგურ მატჩში ტრავმის გამო ვერ დავეხმარე. ვიცი რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩემი თამაშით დაინტერესებულია.''

ქართველმა საუბარი ხუმრობით დაასრულა: '' და თუ თქვენ მომცემთ პოლონეთის პასპორტს, მე ვითამაშებ პოლონეთისთვის.'' 

შეგახსენებთ, ზარანდიას საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ცხადია მისი სიტყვები პოლონეთის ნაკრებში თამაშთან დაკავშირებით მხოლოდ ხუმრობა იყო.

შეგახსენებთ, პოლონეთის სუპერთასის ფინალში ანგარიში მე-19 წუთზე ზარანდიამ გახსნა. მარცხენა ფლანგიდან ''ლეგიას'' საჯარიმოში ადამ მარჩინიაკმა ჩააწოდა, 22 წლის ზარანდიამ კი ერთი შეხებით შესანიშნავი დარტყმა შეასრულა. ''ლეგიას'' დაცვის ხაზი აშკარად შეცდა, რადგან ზარანდია უმეთვალყურეოდ დატოვეს. მას ხელს არავინ უშლიდა. 

თბილისის ''ლოკომოტივისა'' და ბელგიური ''გენკის'' ყოფილმა ფეხბურთელმა პოლონურ კარიერაში მეორე ტიტული მოიპოვა.  2016-17 წლების სეზონში ''არკამ'' პოლონეთის თასი მოიგო

ზარანდიას გოლი ვარშავის ''ლეგიასთან''

მოამზადა დიმა შარიქაძემ 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები