ზარანდიას შესანიშნავი გოლი - ქართველის გამარჯვება პოლონეთის სუპერთასზე
Aa
Aa

ზარანდიას შესანიშნავი გოლი - ქართველის გამარჯვება პოლონეთის სუპერთასზე

პოლონეთის სუპერთასის ფინალში ლუკა ზარანდიას ''არკამ'' 3:2 დაამარცხა ვარშავას ''ლეგია.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველმა შემტევმა ითამაშა, რომელმაც პოლონეთის ჩემპიონს ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

ვარშავაში, ''არმის'' სტადიონზე გამართულ შეხვედრას 17 419 მაყურებელი დაესწრო. ანგარიში მე-19 წუთზე ზარანდიამ გახსნა. მარცხენა ფლანგიდან ''ლეგიას'' საჯარიმოში ადამ მარჩინიაკმა ჩააწოდა, 22 წლის ზარანდიამ კი ერთი შეხებით შესანიშნავი დარტყმა შეასრულა. ''ლეგიას'' დაცვის ხაზი აშკარად შეცდა, რადგან ზარანდია უმეთვალყურეოდ დატოვეს. მას ხელს არავინ უშლიდა.

 

თბილისის ''ლოკომოტივისა'' და ბელგიური ''გენკის'' ყოფილმა ფეხბურთელმა პოლონურ კარიერაში მეორე ტიტული მოიპოვა.  2016-17 წლების სეზონში ''არკამ'' პოლონეთის თასი მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ქართველმა შემტევმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მან ამჯერადაც მოახერხა გადამწყვეტ შეხვედრაში თავის გამოჩენა.

ზარანდიამ ''არკას'' 10-ნომრიანი მაისურით პირველად ითამაშა. ფეხბურთელმა ფოტო instagram-ზე ატვირთა.

''არკამ'' გასულ სეზონშიც მოახერხა პოლონეთის თასის ფინალში გასვლა, თუმცა ვარშავას ''ლეგიასთან'' დამარცხდა. ფინალურ მატჩში ზარანდიამ ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა.

მან გასულ სეზონში ''არკას'' მაისურით პოლონეთის ექსტრაკლასას 15 მატჩში 1 გოლი შეაგდო, ხოლო თასის გათამაშების 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა.  ''პოდბესკიძესთან'' და ''კორონასთან'' მატჩებში გამოიჩინა თავი.

 

მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები