Aa
Aa

ტიტანების ბრძოლა ჯოკოვიჩის სასარგებლოდ! - "ნოლეს" პირველი ფინალი 2016 წლის შემდეგ!

უიმბლდონის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალს შორის, გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდა.

თამაში უაღრესად საინტერესო, დაძაბული და დრამატული გამოდგა, საბოლოოდ, 5 საათსა და 21 წუთს გაგრძელებული დაპირისპირება, სერბმა ვარსკვლავმა მოიგო - 6:4; 3:6; 7:6; 3:6; 10:8. მართლაც, მეხუთე პარტიაში ბრეიკი მე-18 გეიმამდე არ შესრულდა, არადა ამის შანსი ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა. გადამწყვეტ გეიმში კი ჯოკოვიჩმა მეტოქის მოწოდება 0-ზე მოიგო და თამაშიც სათავისოდ დახურა, რითაც ფინალში კევინ ანდერსონზე გასვლის უფლება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირების ფინალში 2 წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა. მან ბოლოს 2016 წლის როლან გაროსის სატიტულო შეხვედრაში ითამაშა, როცა ენდი მარეის 4 სეტში აჯობა და "კარიერული სლემი" შეასრულა.

უიმბლდონის წლევანდელი ჩემპიონი კვირას გამოვლინდება, როცა ტურნირის მთავარ კორტზე, ნოვაკ ჯოკოვიჩი და კევინ ანდერსონი ითამაშებენ.

"ჯოკო" უიმბლდონის ფინალში მეხუთედ გავიდა და ეს ტიტული 3-ჯერ მოიგო. კევინ ანდერსონი კი ამ სტადიაზე პირველად მოხვდა, თუმცა დიდი სლემის ტურნირების ფინალში მეორედ თამაშობს - გასულ წელს ამერიკის ღია პირველობაზე ნადალთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები