''ჩემს კარიერაში ამაღელვებელი პერიოდია'' - სარი ''ჩელსის'' მთავარი მწვრთნელია
Aa
Aa

''ჩემს კარიერაში ამაღელვებელი პერიოდია'' - სარი ''ჩელსის'' მთავარი მწვრთნელია

ლონდონის ''ჩელსის'' მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარი დაინიშნა. 59 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ლონდონურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

''ბედნიერი ვარ ''ჩელსიში'' მოსვლითა და კარიერის პრემიერლიგაში გაგრძელებით. ჩემს კარიერაში ძალიან ამაღელვებელი პერიოდია.

მოუთმენლად ველი ''ჩელსის'' ფეხბურთელებთან მუშაობის დაწყებას. იმედი მაქვს გუნდის თამაშით ქომაგები სიამოვნებას მიიღებენ.ვიბრძოლებთ ტიტულების მოსაგებად, რასაც ეს კლუბი იმსახურებს'' - აღნიშნა სარიმ ''ჩელსის'' ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

''მოხარული ვართ მიღწეული შეთანხმებით. ახალი მთავარი მწვრთნელი გუნდში თავის ხედვებსა და ფილოსოფიას მოიტანს. მისი გაწვრთნილი ''ნაპოლი'' დინამიურ და შემტევ ფეხბურთს აჩვენებდა. მისი სამწვრთნელო მეთოდები ფეხბურთელების განვითარებას უწყობს ხელს. მას სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ამჯერად კი პრემიერლიგაში მუშაობის შანსი მიიღო'' - აღნიშნა ''ჩელსის'' დირექტორმა მარინა გრანოვსკაიამ.

სარის ყოფილი კლუბი “ნაპოლი’’ კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა, რომელიც 2009-11 წლებში ‘‘ჩელსის’’ მთავარი მწვრთნელი იყო. ლონდონური კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას 9 ივლისს დაიწყებს, 23 ივლისს კი სარის ხელმძღვანელობით პირველ ამხანაგურ მატჩს ავსტრალიაში გამართავს.

სარის ფორმაციის ‘‘ჩელსიში’’ შესაძლოა “იუვენტუსის’’ მცველი დანიელე რუგანი და ურუგვაელი მატიას ვესინო ვიხილოთ. სარი რუგანისა და ვესინოს “ემპოლიში’’ წვრთნიდა. ამავე პერიოდში სარის გუნდში ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე ირიცხებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები