''სიხარულისგან ცაში დავფრინავდი'' - ქართველის ბრწყინვალე გოლი ევროპა ლიგაზე
Aa
Aa

''სიხარულისგან ცაში დავფრინავდი'' - ქართველის ბრწყინვალე გოლი ევროპა ლიგაზე

უეფას ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიეტუვურმა გუნდმა ''შტუმბრასმა'' საკუთარ მოედანზე კვიპროსის წარმომადგენელი ''აპოლონი'' დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ლევან მაჭარაშვილმა შეაგდო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა სწრაფი კომბინაცია წამოიწყო და ძალიან ეფექტური დარტყმით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ მაჭარაშვილი თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო და რამდენიმე წუთში თავი გამოიჩინა.

გასული წლების მიხედვით კვიპროსული კლუბები ლიეტუვურ გუნდებთან შედარებით ევროტურნირებზე წარმატებით ასპარეზობენ. გასულ სეზონში ''აპოლონმა'' ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. აქედან გამომდინარე ''შტუმბრასის'' გამარჯვება მოულოდნელი იყო.

 

მატჩის შემდეგ ლევან მაჭარაშვილი crystalsport-ს ესაუბრა.

''როცა საგოლე დარტყმა შევასრულე, ვერც ვაცნობიერებდი, რომ ეს მე შევძელი. იმდენად გახარებული ვიყავი, რომ ცაში დავფრინავდი. თანაგუნდელები, გუნდის წევრები მილოცავდნენ, მაგრამ მთავარია ახლა საპასუხო მატჩზე ვიფიქროთ. ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა. ახლა მხოლოდ კვიპროსულ დაპირისპირებაზე ვფიქრობ.

რაც შეეხება ზოგადად შეხვედრას, ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. მატჩის საწყისი წუთებიდან ''აპოლონი'' ფლობდა უპირატესობას, მაგრამ დაცვაში კარგად ვმოქმედებდით და კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ. ფეხბურთის გამოთქმას მოვიშველიებ: ვერ გაიტან, გაგიტანენ. სწორედ ასე მოხდა ''აპოლონთან'' მატჩში. ასეთია თანამედროვე ფეხბურთი. მოთმინებამ და ბრძოლისუნარიანობამ შედეგი გამოიღო. საბოლოო ჯამში დაფიქსირდა ჩვენთვის სასურველი შედეგი.

შეხვედრას ქართველი მსაჯები უძღვებოდნენ. დიდი მადლობა გიორგი ვადაჭკორიას, რომ ძლიერი წვიმის მიუხედავად მატჩის გადადების გადაწყვეტილება არ მიიღო. ძალიან ძლიერი წვიმა იყო და პირველ ტაიმში რამდენიმე წუთით მატჩი შეწყდა.

მიმდინარე სეზონში სასტარტოში თამაში ხშირად არ მიწევს. მთავარი მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებებს. ჩემი მთავარი ამოცანაა მწვრთნელს თავდახრილი ვუსმინო და დავუმტკიცო, რომ მოედანზე გასვლის ღირსი ვარ. მატჩის შემდეგ მთავარ მწვრთნელმა გამარჯვების გოლი მომილოცა. რა თქმა უნდა ძალიან გაუხარდა'' - აღნიშნა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა.

 

საპასუხო მატჩი 19 ივლისს ნიქოზიაში გაიმართება.

შეგახსენებთ, 21 წლის ლევან მაჭარაშვილი 2017 წელს ლიეტუვურ ''შტუმბრასში'' ჩაირიცხა. 2017 წელს ქართველი ფეხბურთელის გუნდი ლიტვის თასის მფლობელი გახდა და მაჭარაშვილმა კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. 2017 წლიდან მოყოლებული მაჭარაშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რეგულარულად ასპარეზობს.

''შტუმბრასისთვის'' ''აპოლონთან'' შეხვედრა ევროტურნირზე სადებიუტო იყო.

უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამაჯერებელი გამარჯვება გიული მანჯგალაძის ''ვენტსპილსმა'' მოიპოვა. ლატვიურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურა ალბანური ''ლიუფტეტარი.''მანჯგალაძემ 90 წუთი ითამაშა. ''ვენტსპილსმა'' მესამე გოლი 24-ე წუთზე გაიტანა. საგოლე პასი მანჯგალაძის ანგარიშზეა.

 

საპასუხო მატჩი 19 ივლისს გაიმართება.

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფამაგუსტას ''ანორთოსისმა'' შინ 2:1 დაამარცხა ''ლაჩი.'' კვიპროსული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ბექა მიქელთაძე მოხვდა, რომელიც 81-ე წუთზე შეცვალეს. 20 წლის ქართველმა ფორვარდმა ''ანორთოსისის'' მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

პირველი ტაიმი ალბანური გუნდის გამარჯვებით დასრულდა. 52-ე წუთზე მიქელთაძის წაქცევის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა დანიელ პრანიჩმა გოლად აქცია. 36 წლის პრანიჩი ცნობილი ფეხბურთელია. 2009-12 წლებში მიუნხენის ''ბაიერნის'' ღირსებას იცავდა.

ნიკა კაჭარავა ''ანორთოსისის'' სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს გაიმართება.

უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაზ პერტიას გაწვრთნილი ''ლიეპაია'' შინ 0:3 განადგურდა შვედურ ''ჰაკენთან.'' სკანდინავიურმა გუნდმა მეორე ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. საპასუხო მატჩი 19 ივლისს ჰაკენში შედგება.

 მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები