ბოლო წუთზე გამარჯვებასთან ახლოს... ''დინამომ'' რეალური შანსი შეინარჩუნა
Aa
Aa

ბოლო წუთზე გამარჯვებასთან ახლოს... ''დინამომ'' რეალური შანსი შეინარჩუნა

უეფას ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამომ'' სტუმრად ''დუნაისკა სტრედასთან'' ფრედ 1:1 ითამაშა.

მე-15 წუთზე ოთარ კიტეიშვილის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილი მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელს შორის მოქმედებდა და იდეალურად ზუსტი პასი შეასრულა, ზივზივაძემ კი შანსი შესანიშნავად გამოიყენა.

 

მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება 15 წუთში მოახერხეს. 30-ე წუთზე ''დუნაისკა სტრედას'' შესრულებულ კუთხურს 21 წლის აფრიკელი ფორვარდის, იუსუფ ბაიოს თავური დარტყმა მოჰყვა. სლოვაკური გუნდის თავდამსხმელს ხელს ''დინამოს'' მცველები არ უშლიდნენ. ბაიომ თავით ზუსტად დაარტყა და ბულისკერიას ნახტომი უშედეგო აღმოჩნდა.

''მოლ არენაზე'' შესანიშნავი საფეხბურთო ატმოსფერო იყო. სტადიონის ტრიბუნები ქომაგებით გადაჭედილი იყო, თუმცა ''დინამომ'' მოახერხა მარცხის თავიდან აცილება და სამშობლოში სასურველი შედეგით დაბრუნება.

გარკვეულ მომენტებში კახა კაჭარავას გუნდის დაცვის ხაზი ცდებოდა ხოლმე, თუმცა მეკარე დემეტრე ბულისკერია შესანიშნავად მოქმედებდა. მან რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა ''დინამო'' და საერთო ჯამში 6 ''სეივი'' შეასრულა.

ბურთის ფლობის უპირატესობა ორივე ტაიმში სლოვაკური გუნდის მხარეს იყო, თუმცა ''დინამოს'' გამარჯვების  შანსი ნამდვილად ჰქონდა, როცა მეორე ტაიმის დამატებულ წუთზე ნინუას ბრწყინვალე თამაშის შემდეგ  მათე ვაწაძემ გოლის გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა. გასული სეზონიდან მოყოლებული გამოცდილი ფორვარდი სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის, რაც ერთ-ერთი მიზეზია მისი არაზუსტი დარტყმისა. სწრაფი კონტრშეტევისას ვაწაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი კარის ძელს გაარტყა.

ასევე აღსანიშნავია ეპიზოდი მეორე ტაიმის მიმდინარეობისას, როცა მასპინძელთა ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, არბიტრმა კი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მთავარი მსაჯი აშკარად შეცდა და ცხადია მისმა შეცდომამ შედეგზე გავლენა მოახდინა, თუმცა ფაქტია რომ ''დინამომ'' მატჩის მიწურულს შანსი მიიღო, მაგრამ ვაწაძემ თბილისური კლუბის ქომაგები ვერ გაახარა.

მატჩის შემდეგ

კახა კაჭარავა: ''თამაში კარგად დავიწყეთ, მოვახერხეთ გოლის გატანა, თუმცა შემდგომ ჩვენი თამაში ქაოსური გახდა. სტანდარტული ვითარებისას დასანანი გოლი გავუშვით.

ვერ ვიტყვი, რომ თამაში ისე წავიდა, როგორც ჩვენ გვსურდა.

მეორე ტაიმში ვეცადეთ თამაშის ხარისხი გამოგვესწორებინა, თუმცა მაინც დავუშვით შეცდომები. მეტოქემ რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა.

ბოლო წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ ფრედ დასრულდა.

საწყისი 20 წუთის შემდეგ ფეხბურთის თამაში შევწყვიტეთ.

ყველაფერი შემდეგ მატჩში გადაწყდება.''

ოთარ კიტეიშვილი: ''მოგესალმებით, საკმაოდ სანახობრივი თამაში გამოვიდა.

მატჩი კარგად დავიწყეთ და მე-15 წუთზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანეთ, თუმცა შემდეგ მოვდუნდით.

მეტოქე აქცენტს სტანდარტებზე აკეთებდა და ეს შეხვედრამდეც ვიცოდით. მეტოქემ თავის პლუსი გამოიყენა.

''დუნაისკა სტრედას'' გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა ჩვენც შეგვეძლო გამარჯვება. მეორე ტაიმის მიმდინარეობისას თუ მატჩის დასასრულს გოლის გატანის კარგი შანსი გვქონდა.

ვფიქრობ ორივე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს. ყველაფერი თბილისში გადაწყდება.''

საპასუხო მატჩი 19 ივლისს ''დინამო არენაზე'' გაიმართება.

 

დუნაისკა სტრედა – დინამო 1:1 (1:1)

12 ივლისი, დუნაისკა სტრედა, “მოლ არენა”

დუნაისკა სტრედა: მაცეი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი, კოსტმა, ჰერცი, ლიუბიჩიჩი, ვიდა (ტრეტიაკოვი 68), სიმჩაკი (კალმარი 46), ბაიო, პაცინდა (დივკოვიჩი 79)

მთავარი მწვრთნელი: მარკო როსი

დინამო: ბულისკერია, რუხაია, კობოური, ლოჩოშვილი, ხარაბაძე, ივანისენია, ნინუა, შულაია (ქარდავა 81), კიტეიშვილი, ივანიშვილი (ერგემლიძე 46), ზივზივაძე (ვაწაძე 73)

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 0:1 ზივზივაძე (15), 1:1 ბაიო (30)

გაფრთხილებები: ბაიო (54), ბულისკერია (90)

მსაჯი: ირფან პელიტო (ბოსნია)

 

ფოტო: sport24.pluska.sk

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები