უგოლო ფრე და ''ჩიხურას'' უპირატესობა - ისრაელში გამარჯვება რეალურია
Aa
Aa

უგოლო ფრე და ''ჩიხურას'' უპირატესობა - ისრაელში გამარჯვება რეალურია

უეფას ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის ''ჩიხურამ'' პირველი მატჩი ჩაატარა. სოსო ფრუიძის გუნდმა ''მიხეილ მესხზე'' იერუსალიმის ''ბეითარს'' უმასპინძლა. საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა.

ქომაგებს შორის დაპირისპირება მატჩამდე

შეხვედრის დაწყებამდე ''მიხეილ მესხის'' სტადიონთან ახლოს ''ბეითარისა'' და ''ჩიხურას'' ქომაგებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცავებმა ''ბეითარის'' რამდენიმე ქომაგი დააკავეს.

თამაშის მიმდინარეობა

პირველ ტაიმში საჩხერის ''ჩიხურა'' დიდ უპირატესობას ფლობდა. ტექნიკური შესაძლებლობებით ქართველი ფეხბურთელები მეტოქის მოთამაშეებს აშკარად აღემატებოდნენ. იმერული გუნდი მეტწილად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა. მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე რევაზ ჩიტეიშვილი და მარჯვენაფლანგელი ირაკლი ბუღრიძე შეტევებს ხშირად ამწვავებდნენ.

აღსანიშნავია მარჯვენა ფლანგზე განვითარებული ერთ-ერთი შეტევა, რომელიც ჩიკვაიძის კარისკენ დარტყმით დასრულდა, თუმცა ''ჩიხურას'' ფეხბურთელმა ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

შესვენების შემდეგ ''ბეითარმა'' თამაშის ხარისხი შედარებით გამოასწორა, თუმცა ებრაული გუნდი ძალიან სუსტი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომლის ფეხბურთელები ხშირად მარტივ ვითარებებში უშვებდნენ შეცდომებს.

57-ე წუთზე ფრუიძემ მარკოზაშვილი მოედნიდან გაიყვანა და თამაშში ახალწვეული მიხეილ სარდალიშვილი ჩართო. საჩხერულ კლუბში დაბრუნებულმა 25 წლის შემტევმა მოედანზე გამოსვლიდან რამდენიმე წუთში მეტოქის საჯარიმოში იაქტიურა, მისი დარტყმის შემდეგ კი ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.

მატჩის მიწურულს ორივე გუნდის ფეხბურთელები აქცენტს კარის უსაფრთოებაზე აკეთებდნენ, რაც ორივე გუნდმა კარგად მოახერხა, თუმცა მოედნის ცენტრში დაშვებული არაერთმა შეცდომამ თამაშს სანახაობრივი მხარე დაუკარგა.

გაი ლუცონის გუნდი

42 წლის ებრაელი გაი ლუცონი ევროპულ ფეხბურთში მეტ_ნაკლებად ცნობილი სპეციალისტია. წვრთნიდა ინგლისურ ''ჩარლტონს,'' ლიეჟის ''სტანდარდს,'' ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებსა და ჰაიფას ''მაქაბის.''

გაი ლუცონის გუნდში პირველად ითამაშა კარლოს კუელარმა, რომელსაც ინგლისის პრემიერლიგაში, შოტლანდიის პრემიერლიგასა და ლა ლიგაში უთამაშია. ''სანდერლენდისა'' და ''ასტონ ვილას'' ყოფილი ცენტრალური მცველი 36 წლის ასაკში მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა ებრაულ გუნდს.

2018 წლის მაისში გაი ლუცონი ''ბეითარის'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მისი დებიუტი ''მიხეილ მესხზე'' შედგა, თუმცა წარმატებული ნამდვილად არ ეთქმის, რადგან ებრაუელმა გუნდმა ძალიან უშინაარსო და დაბალი დონის ფეხბურთი შემოგვთავაზა.

ბოლო წლების ტენდენციით ებრაული გუნდები საკვალიკაციო ეტაპზე კარგად გამოიყურებიან, ხშირად ახერხებენ ჯგუფურ ეტაპსა და თუ ფლეი-ოფამდე მისვლას, აქედან გამომდინარე ''ბეითარის'' მხრიდან უკეთეს ფეხბურთს ველოდით. მოლოდინი არ გამართლდა.

''ჩიხურას'' შანსი

სოსო ფრუიძის გუნდმა პირველ ტაიმში კარგი თამაში აჩვენა. ქართულმა გუნდმა ტექნიკური უნარებით აშკარად აჯობა ''ბეითარს,'' თუმცა ''ჩიხურას'' ბურთის ფლობის მიუხედავად რეალური საგოლე მომენტის შექმნა ძალიან უჭირდა. მეტოქის საჯარიმომდე ''ჩიხურა'' გააზრებულ ფეხბურთს აჩვენებდა, თუმცა კარისკენ ზუსტად დარტყმა არ შესრულებულა, რაც გიორგი გაბედავასა და სხვა შემტევების ნაკლოვანებაზე მიუთითებს.

პირველი მატჩიდან გამომდინარე ''ჩიხურას'' მეორე ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს. საპასუხო შეხვედრა ისრაელში 19 ივლისს გაიმართება.

ჩიხურა - ბეითარი 0:0

12 ივლისი, თბილისი, ''მიხეილ მესხი''

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე, მარკოზაშვილი (სარდალიშვილი 57), ბუღრიძე, დობროვოლსკი (ჩიხლაძე 62), მეგრელიშვილი, გაბედავა, ლექვთაძე (ბუხაიძე 79)

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ბეითარი: ნიტცანი, ზეჰავი, კუელარი (სიროსტეინი 90), კაჰილა, პელეგი, საბო, კეტლჯენსი, კრიეფი, ბარჰონი (ინბრუმი 58), სილვესტრი (ვერენე 65), ვერედი

მთავარი მწვრთნელი: გაი ლუზონი

გაფრთხილებები: ჩიკვაიძე (7), ჩიტეიშვილი (20), კელტიენსი (73), სიროსტეინი (90+3)

მთავარი მსაჯი: კაი შტეენი (ნორვეგია)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები