Aa
Aa

უიმბლდონის ფინალში სერენა უილიამსი და კერბერი შეხვდებიან

უიმბლდონის ქალთა თანრიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებებში წარმატებას სერენა უილიამსმა და ანგელიკ კერბერმა მიაღწიეს. ვეტერანმა ამერიკელმა ჯულია გერგესს აჯობა, 30 წლის გერმანელმა კი ნიჭიერი ლატვიელი, ელენა ოსტაპანეკო დაამარცხა. თანაც ორივე ფინალისტმა საკმაოდ იოლად იმარჯვა და მათ მეტოქეებს 6-6 გეიმი დაუთმეს.

კერბერმა ოსტაპენკოს წინააღმდეგობა 67 წუთში დასძლია. იგი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და პირველ სეტში 2 ბრეიკით - 6:3 იმარჯვა.

კიდევ უფრო იოლი გამოვიდა მეორე სეტი, რომელშიც კერბერი 5:1 დაწინაურდა, როცა საკუთარი მოწოდება დათმო, მაგრამ დარჩენილი სოლიდური უპირატესობა შეინარჩუნა და თამაში 6:3; 6:3-ით დახურა.

გერმანელმა 3 ეისი მოაწოდა, ორმაგი შეცდომა კი არ დაუშვია. პირველ მოწოდებაზე ქულების 61%, ხოლო მეორეზე 73% მოიგო, მეტოქეს კი მხოლოდ 1 ბრეიკის შესრულება დაანება.

ანგელიკ კერბერი უიმბლდონის ფინალში მეორედ ითამაშებს. იგი 2016 წელს სწორედ სერენასთან დამარცხდა, როცა უმცროსმა უილიამსმა 7:5; 6:3 იმარჯვა.

დღის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, სერენა უილიამსის მოწინააღმდეგე ჯულია გერგესი გახლდათ, რომელიც დიდი სლემის ტურნირების ამ სტადიაზე პირველად თამაშობდა.

უილიამსი მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად ასპარეზობდა და თამაშის მიმდინარეობასაც აკონტროლებდა. მან პირველი პარტია 2 ბრეიკით მოიგო, მეორეში კი მატჩზე ჩაწოდებისას შედეგს ვერ მიაღწია, მაგრამ ეგრევე ბრეიკი შეასრულა და შეხვედრაც დაასრულა - 6:2; 6:4.

სერენამ 5 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე საკმაოდ კარგი შედეგი - 87% ჰქონდა (31-დან 27), მეორე ჩაწოდებისას კი 19-დან 9 ქულა მოიგო - 47%.

სერენა უილიამსი უიმბლდონის ფინალში მეათედ გავიდა, მას 7-ჯერ ტიტული აქვს მოგებული. მისი და კერბერის ფინალური დაპირისპირება შაბათს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები