ლუკა მოდრიჩი:
Aa
Aa

ლუკა მოდრიჩი: "ინგლისელი ჟურნალისტები და წამყვანები ბევრს ყბედობდნენ"

ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ლუკა მოდრიჩმა ტელევიზიებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ინგლისელი ჟურნალისტების და წამყვანების მიერ ხორვატიისადმი გამოჩენილი უპატივცემულობა და კრიტიკა გუნდმა მოტივაციად აქცია და წარმატების მიღწევაში სწორედ ეს დაეხმარა.

ხორვატიამ საოცარი შეხვედრა ჩაატარა, მიუხედავად მეხუთე წუთზე გაშვებული გოლისა არ დანებდა, ბოლომდე იბრძოლა და ფინალის საგზური დამატებით დროში მოიპოვა.

ITV-სთან საუბრისას მოდრიჩმა განაცხადა:

„ინგლისელი ჟურნალისტები და წამყვანები ბევრს ყბედობდნენ. მათ ხორვატიის ნაკრები არ დააფასეს და ამით უდიდესი შეცდომა დაუშვეს. მათი განცხადებების წაკითხვის და მოსმენის შემდეგ მოტივაცია გვემატებოდა და საკუთარ თავს ვეუბნებოდით: „კარგი, დღეს ვნახავთ ვინ დაიღლება“. ინგლისელ ექსპერტებს მეტი თავმდაბლობა და ოპონენტების პატივისცემა მართებდათ“.

„დღეს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ გადაღლილები სულაც არ ვართ. მეტოქეზე, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად, მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით“.

„გამარჯვებულის ბედი ძირითად დროში უნდა გადაგვეწყვიტა, თუმცა შეხვედრა მაინც სასურველი ანგარიშით დავასრულეთ და ფინალში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. მიღწეული შედეგით უნდა ვიამაყოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები