ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვა. ინგლისელი გულშემატკივრების ოცნება ხორვატიამ დაამსხვრია და „სამი ლომი“ მუნდიალს გამოთიშა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ბალკანელებმა გადამწყვეტი მატჩის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს.

ინგლისს მიკ ჯაგერმაც ვერ უშველა

ბელგია-საფრანგეთის მატჩის შემდეგ ლეგენდარული მუსიკოსი, მიკ ჯაგერი, ინგლისი-ხორვატიის შეხვედრას დაესწრო. რთული არაა იმის გამოცნობა ინგლისელი მომღერალი ვის გულშემატკივრობდა, თუმცა „სამ ლომს“ ვერც მისმა ქომაგობამ უშველა.

ტრიპიერი ისტორიაში შევიდა

კირან ტრიპიერმა გუშინ ანგარიში მეხუთე წუთზე, შესანიშნავი ჯარიმით გახსნა. დევიდ ბექჰემის შემდეგ იგი პირველი ინგლისელი გახდა, რომელმაც მუნდიალზე მეტოქის კარის აღება საჯარიმო დარტყმით მოახერხა. „სამი ლომის“ ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯარიმიდან გოლი 2006 წლის შემდეგ არ ჰქონდათ გატანილი.

თევზი და „ლუჟნიკები“

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. სანახაობა ქომაგებმაც შემოგვთავაზეს და ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მინდორზე მკვდარი თევზი გადმოაგდო, რომელიც ბალახზე რამდენიმე წამის განმავლობაში „იმყოფებოდა“.

რუსმა ქომაგებმა ვიდას უსტვინეს

ბოლო 3-4 დღის მანძილზე დომაგოი ვიდა, რუსი გულშემატკივრების საძულვევლი ფეხბურთელია. ეს უკანასკნელი მხარს უკრაინას აშკარად უჭერს და „ფიფას“-გან პოლიტიკური განცხადებების გაკეთების გამო გაფრთხილებაც მიიღო. რუსმა ქომაგებმა საკუთარი უკმაყოფილება გუშინდელ შეხვედრაში გამოხატეს და ხორვატთა ცენტრალურ მცველს უსტვინეს.

ინგლისი და სტანდარტულები

კირან ტრიპიერის ლამაზი ჯარიმა წლევანდელ მუნდიალზე ინგლისის ნაკრებისთვის სტანდარტულებიდან გატანილი მეცხრე გოლი აღმოჩნდა. მსგავსი რამ 1966 წლის შემდეგ არცერთ გუნდს არ გაუკეთებია.

უიღბლო „სამი ლომი“

მარიო მანძუკიჩის 108:03-ზე გატანილი გოლი ხორვატიის ნაკრების მუნდიალზე ყველაზე გვიან გატანილი და ინგლისის ნაკრებისთვის ყველაზე გვიან მიღებული გოლი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები