Aa
Aa

"მილანის" პრეზიდენტი ბერლუსკონის "მარჯვენა ხელი" გახდება?

იტალიურ "მილანს" ამიერიდან ამერიკული კომპანია Elliott Management Corporation-ი ფლობს, რომელსაც "როსონერის" ყოფილმა მფლობელმა, ლი იონჰონმა დათქმული 32 მილიონი ევრო დროულად ვერ გადაუხადა.

1977 წელს დაარსებული და საკმაოდ წარმატებული ამერიკული საინვესტიციო კომპანია კლუბში ფინანსური გარემოს დასტაბილურებასა და ახალი, სწორი და შედეგის მომტანი მენეჯმენტის შექმნას გეგმავს.

ცვლილებები იქნება დირექტორთა საბჭოშიც, სადაც ერთ-ერთ თანამდებობაზე პაოლო მალდინის იწვევენ, თუმცა მთავარი საკითხი პრეზიდენტის პოსტს ეხება, რომელიც ლი იონჰონის წასვლის შემდეგ ვაკანტური გახდება. 

დღეს, იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ "შავ-წითელთა" პრეზიდენტი, შესაძლოა, პაოლო სკარონი გახდეს, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული, ანუ იონჰონის პრეზიდენტობის პერიოდში, კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი გახლდათ. სკარონი სილვიო ბერლუსკონის ახლო მეგობარი და არაერთ საქმეში პარტნიორია. 

სკარონი ამჟამად ერთ-ერთი უმსხვილესი იტალიური ბანკის ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო წარსულში ასევე უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი კომპანიის გენერალური დირექტორი იყო. როგორც იტალიური პრესა ამბობდა, ბერლუსკონიმ ლი იონჰონთან შეთანხმების შედეგად, სკარიონის სახით, „მილანის“ დირექტორთა საბჭოში „თავისი კაცი“ დაიტოვა, რათა კლუბში მიმდინარე ყველა პროცესზე წვდომა ჰქონოდა.

სკარონის შესაძლო გაპრეზიდენტება, ჯერჯერობით მხოლოდ კულუარული ცნობაა, მაგრამ როგორც წესი, ჩვენს იტალიელ კოლეგებს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით დიდი ცდომილებები იშვიათად აქვთ ხოლმე, შესაბამისად, ბერლუსკონის "მარჯვენა ხელის" "როსონერის" მთავარ კაცად დანიშვნა, სრულიად რეალურად უნდა მივიჩნიოთ.

რაც შეეხებათ მარკო ფასონესა და მასიმილიანო მირაბელის, მათი ლომბარდიის მთავარ ქალაქში დარჩენა ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუმცა დიდი შანსია, თანამდებობა ორივემ შეინარჩუნოს. ცვლილებები არ ეხება ჯენარო გატუზოს, რომელიც "ელიოტმა" თავის განცხადებაში მოიიხსენია და "ახალი მილანის" აშენების იმედი "რინოსთან" ერთად გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ლი იონჰონმა "მილანი" 2017 წლის აპრილში, სილვიო ბერლუსკონის კომპანიისგან შეიძინა, რაც ჯამში 740 მილიონი ევრო დაუჯდა. როგორც თანდათან გაირკვა, იონჰონს, რომელიც Ebay-ს ჩინურ ვარიანტს ფლობს, თანხა სრულად არ ჰქონდა და ნაწილი სწორედ Elliott Management Corporation-ისგან ისესხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები