ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "რეალმა" რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლა დაადასტურა!

მადრიდის "რეალის" ოფიციალური საიტის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ "იუვენტუსთან" შეთანხმებას მიაღწია და იგი კარიერას სწორედ "ალიანც სთედიუმზე" გააგრძელებს.

"მან "იუვენტუსთან" შეთანხმებას მიაღწია! 

9 წლის განმავლობაში, ჩვენს კლუბთან ერთად, უამრავ წარმატებასა და ტრიუმფს მიაღწია. კრიშტიანუ რონალდუ ნიჭის, მონდომების, შრომისა და განვითარების მაგალითი იყო.

მან გუნდის მაისურით 438 შეხვედრა ჩაატარა და 451 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. 16 ტიტული მოიგო, მათ შორის: 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და უამრავი ინდივიდუალური ჯილდო.

მადრიდის "რეალისთვის" კრიშტიანუ რონალდუ მუდამ უდიდესი სიმბოლო იქნება. კრიშტიანუ, "რეალი" ყოველთვის შენი სახლი იქნება". - ვკითხულობთ "სამეფო კლუბის" განცხადებაში.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულიდან წასვლის შესახებ კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა, რომელსაც, ასევე, "ბლანკოსის" ოფიციალური საიტი გვთავაზობს:

"მადრიდში გატარებული ეს წლები, შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყოს. ახლა მხოლოდ მოზღვავებულ მადლიერებას ვგრძნობ. შემიძლია, თქვენგან მიღებული სიყვარულისა და ემოციებისათვის მადლობა გადაგიხადოთ.

ვფიქრობ, სწორი დროა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე, "რეალს" ტრანსფერის შესახებ ამიტომ ვთხოვე. მინდა, რომ ჩემმა და კლუბის გულშემატკივრებმა ჩემი გადაწყვეტილება სწორად გაიგონ.

აქ დაუვიწყარი, აბსოლუტურად უნიკალური, ბრწყინვალე 9 წელი გავატარე. გასაოცარი თანაგუნდელები მყავდა, ასევე, გულშემატკივრები, ჩვენ ერთად ჩემპიონთა ლიგის 3-ჯერ მოგება შევძელით. "რეალმა" ჩემს გულში თავისი ადგილი დაიკავა, ამიტომაც, მინდა, მადლობა გითხრათ: პრეზიდენტს, დირექტორებს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს და ყველა წევრს, რომლებიც კლუბისათვის დაუღალავად შრომობდნენ.

მადლობა ყველას და ვიტყვი, რა თქმა უნდა, იმავეს, რაც 9 წლის წინ, აქ მოსვლისას ვთქვი: "ჰალა მადრიდ"!

კრიშტიანუ რონალდუ "რეალში" 2009 წლის ზაფხულში, 94 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან "ბლანკოსთან" ერთად 2-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ უეფას სუპერ თასი და 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსი" რონალდუს ტრანსფერში 105 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. პირენეელი სუპერვარსკვლავი "ბიანკონერისთან" 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, წლიური ხელფასის სახით კი 30 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები