გორდონ ბენქსი: „ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ჩვენთვის არაფერი გაუკეთებია“
Aa
Aa

გორდონ ბენქსი: „ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ჩვენთვის არაფერი გაუკეთებია“

1966 წლის ინგლისის ნაკრების ლეგენდარული გოლკიპერი, გორდონ ბენქსი, მიიჩნევს, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მას და მის თანაგუნდელებს იმედი გაუცრუა.

80 წლის მეკარე, მთელ ქვეყანასთან ერთად, საუთგეიტის ნაკრებს გულშემატკივრობს და დარწმუნებულია, რომ ისინი ლეგენდარული სერ ალფ რემზის გუნდის მიღწევას გაიმეორებენ. თუ „სამმა ლომმა“ ჩემპიონობა მოიპოვა ბენქსი იმედოვნებს, რომ ისინი 1966 წლის ინგლისის ნაკრებისგან აბსოლუტურად განსხვავებულ დამოკიდებულებას მიიღებენ.

„თუ ეს ბიჭები წარმატებას მიაღწევენ იმედი მაქვს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია მათ სათანადოდ დააფასებს. ყველა სხვა ვარიანტი გამორიცხულია, ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ. ჩემპიონობის შემდეგ ასოციაციას ჩვენთვის არაფერი გაუკეთებია. მას ბევრი რამ შეეძლო, მაგრამ რატომღაც უმოქმედოდ დარჩენა ამჯობინა და მეც და ჩემს თანაგუნდელებს იმედი გაგვიცრუა“.

„ჯეფ ჰერსტის მიერ მოწყობილ შეხვედრებზე ხშირად ვიკრიბებოდით, ტრადიცია რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ზოგს ალცჰეიმერის დაავადებამ სძლია, ზოგი გარდაიცვალა და ჰერსტი იძულებული გახდა შეხვედრების გამართვა შეეწყვიტა, ასოციაცია კი ამ ყველაფერს მშვიდად უყურებდა“...

1966 წლის შემდეგ, ბენქსი მსოფლიო ჩემპიონატთან ყველაზე ახლოს 2018 წლის მუნდიალის კენჭისყრაზე იყო...

„სიმართლე გითხრათ ინგლისი ფინალში თუ გავიდა წარმოდგენა არ მაქვს გადამწყვეტ მატჩზე დასწრების შემოთავაზებას მივიღებ თუ არა. ფიფა რომ არ ყოფილიყო კენჭისყრაზეც ვერ წავიდოდი, ასოციაცია ჩვენთვის არაფერს აკეთებდა და სიტუაცია არც ახლა შეცვლილა“...

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ბენქსის განცხადებებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები