უიმბლდონი შარშანდელ ფინალისტს დაემშვიდობა
Aa
Aa

უიმბლდონი შარშანდელ ფინალისტს დაემშვიდობა

უიმბლდონის 2017 წლის ფინალისტი, მარინ ჩილიჩი წლევანდელ გათამაშებას მე-2 წრეში გამოეთიშა. ხორვატმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში იოშიტო ნიშიოკა დაამარცხა, დღეს კი არგენტინელ გუიდო პელასთან სეტებში 2:0 იგებდა.

თამაში გუშინ დაიწყო და წვიმის გამო რამდენჯერმე შეწყდა, რამაც ჩილიჩის თამაშზე აშკარა გავლენა მოახდინა. წვიმამდე მარინი უპრობლემოდ, 6:3; 6:1; 3:2 იგებდა, თუმცა რამდენიმე პაუზის შემდეგ, მე-3 სეტიც დათმო და საბოლოოდ, 6:3; 6:1; 4:6; 6:7; 5:7 დამარცხდა.

პელა შემდეგ წრეში, მაკენზი მაკდონალდს შეხვდება, რომელმაც ასპარეზობას ნიკოლას ხარი გამოთიშა.

იოლად იმარჯვეს რაფა ნადალმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა. ესპანელმა მიხაილ კუკუშკინს აჯობა, ხოლო სერბმა - ორაციო სებალიოსს. ნადალის მომდევნო მოწინააღმდეგე ალექს დე მინაურია, ჯოკოვიჩი კი ედმუნდისა და კლანის მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

1/16 ფინალში ასევე ნიკ კირგიოსი, ჯონ ისნერი, ფილიპ კოლშრაიბერი, ჟილ სიმონი და კევინ ანდერსონი გავიდნენ. დამარცხდა სტენ ვავრინკა, რომელსაც დაუძლეველ წინააღმდეგობად, იტალიელი, ტომას ფაბიანო ექცა - 6:7; 3:6; 6:7. არადა, ვავრინკას "კარიერული სლემის" შესრულებამდე სწორედ უიმბლდონის ტიტული აკლია.

ქალთა შორის, ფავორიტებმა წარმატებით იასპარეზეს. საქმე ანგელიკ კერბერსა და სიმონა ჰალეპს ეხებათ, პირველმა მათგანმა ლიუ კლაირესთან სეტი წააგო, ჰალეპმა კი საისაი ჟენს 7:5; 6:0 მოუგო. კერბერი ოსაკას, ხოლო ჰალეპი ჰსიეს შეხვდება.

ტურნირს დაემშვიდობა მასპინძელთა მთავარი იმედი, იოჰანა კონტა, რომელსაც გზა დომინიკა ციბულკოვამ გადაუღობა - 3:6; 4:6.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები