ზიმბაბვეს მორაგბეთა ნაკრებს ღამის ქუჩაში გატარება მოუწია
Aa
Aa

ზიმბაბვეს მორაგბეთა ნაკრებს ღამის ქუჩაში გატარება მოუწია

ზიმბაბვეს მორაგბეთა ნაკრების წევრებს ღამის ქუჩაში გათენება მას შემდეგ მოუწიათ, რაც სასტუმროს მომსახურების და აღჭურვილობის თაობაზე იჩივლეს.

ზიმბაბვეს ნაკრები ტუნისში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის ჩასატარებლად ჩავიდა და სოციალურ ქსელებში ფოტოები გავრცელდა, სადაც მორაგბეებს საკუთარ ბარგთან ერთად ქუჩაში სძინავთ. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში მისვლამდე მოთამაშეებს აეროპორტში 6 საათიანი ლოდინი მოუწიათ რადგან ვიზისთვის საჭირო თანხა, 600 ევრო, ვერ შეაგროვეს.

ტურნირის ორგანიზატორმა, „რაგბი აფრიკამ“ ზიმბაბვეს წარმომადგენლებს ოფიციალური ბოდიში მოუხადა და მათი ახალ სასტუმროში გადაყვანის დაფინანსება გადაწყვიტა. ზიმბაბვე 6 გუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილი უკავია, ხოლო ტუნისის ნაკრები ბოლო პოზიციაზე იმყოფება, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება პირველ ადგილზე გასულ გუნდს ეძლევა.

ტუნისის ნაკრების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ოპონენტის შესაძლო დესტაბილიზაციასთან დაკავშირებული ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს. ოფიციალურ განცხადებაში ხალედ ბაბუმ განაცხადა: „ტუნისის რაგბის კავშირის სახელით ჩვენს მეტოქეს დიდ ბოდიშს ვუხდით. მატჩების მასპინძლობით ძალიან ვამაყობთ და სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ყველაფერს ვაკეთებთ. რაღაც შეცდომა დაფიქსირდა და ამის გამო ძალიან ვწუხვარ, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ამ დილით ყველაფერი გამოსწორდა და გარწმუნებთ, რომ მეტოქის დესტაბილიზაციის მცდელობას ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. ყველაფერს გავაკეთებთ რომ შაბათის მატჩისთვის ზიმბაბვეს ნაკრებს იდეალური სავარჯიშო პირობები ჰქონდეს“.

 

ცხელი ამბები