პრინცი სერია A-ს უბრუნდება?!
Aa
Aa

პრინცი სერია A-ს უბრუნდება?!

თუკი იტალიური გამოცემებს დავუჯერებთ, ცნობილი განელი ფეხბურთელი, კევინ-პრინც ბოატენგი, მომავალ სეზონში იტალიის სერია A-ში ითამაშებს. Sky Sport Italia წერს, რომ 31 წლის ფეხბურთელმა "სასუოლოსთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ბოატენგმა, რომელსაც აქამდე "ჯენოასა" და "მილანში" უთამაშია, "ნეროვერდისთან" 3 წლიან ხელშეკრულებაზე მოილაპარაკა, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

განელმა ნახევარმცველმა გასული სეზონის ფრანკფურტის "აინტრახტში" გაატარა და საკმაოდ კარგი წელიც ჰქონდა, რადგან გუნდთან ერთად გერმანიის თასი მოიგო, უშუალოდ ბუნდესლიგის 31 შეხვედრაში კი 6 გოლის გატანა შეძლო.

კევინ-პრინც ბოატენგის იტალიაში დაბრუნების მთავარი მიზეზი ოჯახსა და ნაცნობ გარემოს უნდა უკავშირდებოდეს. მისი მეუღლე ცნობილი იტალიელი მოდელი, მელისა სატა გახლავთ, რომელთანაც 1 შვილი - მადოქს პრინცი ჰყავს.

რაც შეეხება "სასუოლოს", მის თავკაცად ახალგაზრდა რობერტო დე ძერბი დაინიშნა, რომელიც გასულ სეზონში "ბენევენტოს" ავარჯიშებდა. სასუოლოელებმა სერია A-ს წინა სეზონი ცხრილის მე-11 ადგილზე დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები