''კოლხეთის'' დირექტორმა დაადასტურა - ''ვეჭვობდით, მაგრამ მყარი მტკიცებულება არ გვქონდა''
Aa
Aa

''კოლხეთის'' დირექტორმა დაადასტურა - ''ვეჭვობდით, მაგრამ მყარი მტკიცებულება არ გვქონდა''

 სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ უეფას შესაბამისი სამსახურიდან მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმად ''კოლხეთი 1913-''ის ხუთი ფეხბურთელის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ასპარეზობას და მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირების მცდელობას.

სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით ''კოლხეთს'' 6 ქულა დააკლდა, ამასთანავე, გუნდის მოთამაშეებს ლაშა გოგონაიას, ბორის მახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიას და თორნიკე ჯიმშელეიშვილს მიეცათ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია.

''რაც შეეხება ფეხბურთელების სასჯელს, კონკრეტული ფეხბურთელების და ფეხბურთელების ჯგუფის მხრიდან მატჩის მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირება იყო. ამ ეტაპისთვის სადისციპლინო სამსახურმა ეს სანქცია გამოიტანა'' - განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ''რუსთავი 2''-თან საუბარში.

''შეფასებაში მეტი დეტალები ნათქვამი არაა. ჩვენ ვესაუბრეთ კლუბის ერთ-ერთ დირექტორს, რომელმაც დაადასტურა, რომ კლუბში ეჭვები არსებობდა. მან ასევე დაადასტურა, რომ კლუბში სურდათ პრობლემის მოგვარება, თუმცა  მყარი მტკიცებულებები არ ჰქონდათ'' - აღნიშნა სფფ-ს სადისციპლინო და სპორტული დავების კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით კიკალეიშვილმა ''რუსთავი 2''-თან საუბარში.

იხილეთ სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილების განცხადება

სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ 29 ივნისს დააყენა შუამდგომლობა სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტში, რომლის სხდომაც გაიმართა სამშაბათს, 3 ივლისს. სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ უეფას შესაბამისი სამსახურიდან მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ კოლხეთის 1913-ის მიერ ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ასპარეზობას და მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირების მცდელობას.

უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე დადგინდა, რომ კოლხეთი 1913-ის რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთთან შეუთანხმებლად ან ჯგუფურად ახორციელებდა მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თფას ანგარიშში არ იკვეთება კოლხეთი 1913-ის მოწინააღმდეგეთა მხრიდან რაიმე სახით გარიგებაში ყოფნის ნიშნები.

სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო წარდგენილ დოკუმენტაციას, მოუსმინა კოლხეთი 1913-ის წარმომადგენელს და სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, გუნდისთვის 6 ქულის დაკლების შესახებ. ამასთანავე კოლხეთი 1913-ის მოთამაშეებს ლაშა გოგონაიას, ბორის მახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიას და თორნიკე ჯიმშელეიშვილს მიეცათ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია.

ვინაიდან, ფეხბურთში არასპორტული მეთოდების ნებისმიერი გამოვლინების მიმართ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია უცვლელია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სფფ მიმართავს შესაბამის უწყებას, რომელიც საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად განიხილავს აღნიშნულ საკითხს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები