ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპები დასრულდა. ინგლისმა კოლუმბიას თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია, ხოლო შვედეთმა მინიმალური სხვაობით იმარჯვა და 1994 წლის შემდეგ პირველად მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

მარადონა კოლუმბიას გულშემატკივრობდა

დიეგო მარადონა ინგლისის ნაკრების დაუძინებელი მტერია. ლეგენდარულმა არგენტინელმა ტრადიცია არც ახლა დაარღვია და მერვედფინალურ მატჩში კოლუმბიას გულშემატკივრობდა. მარადონამ სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, რომელზეც მას კოლუმბიის ნაკრების მაისური აცვია და თან ასეთი სიტყვები დაურთო: „დღეს ყველანი კოლუმბიელები ვართ“.

მუნდიალზე ლინეკერის მაისური დაბრუნდა

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გარი ლინეკერი ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. კოლუმბიასთან მატჩს მისი შვილი, ჯორჯი, ლეგენდარული ინგლისელის 1986 წლის ფორმით დაესწრო და იმედოვნებდა, რომ აღნიშნული მაისური „სამ ლომს“ წარმატებას მოუტანდა.

უიმბლდონი ყველამ მიივიწყა

უიმბლდონი დიდი სლემის ტურნირია და ბუნებრივია მას ბევრი ქომაგი ესწრება, თუმცა გუშინდელი დღე გამონაკლისი აღმოჩნდა. ცენტრალურ კორტზე მაყურებელთა რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო, რაც უდავოდ კოლუმბია-ინგლისის დაპირისპირებისთვის მზადებით გახლდათ განპირობებული.

ლეგენდა ვეს ბრაუნი

ვეს ბრაუნს ინგლისის ნაკრებში 21 შეხვედრა აქვს ჩატარებული და „სამი ლომის“ ლეგენდა ნამდვილად არაა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ახლა „კერალა ბლასტერში“ თამაშობს მატჩის წინ ქომაგებს მიმართა. ეკრანებზე კი საინტერესო წარწერა გამოჩნდა - ვეს ბრაუნი ფიფას ლეგენდა - ინგლისი.

ქომაგების უცნაური ბანერები

წარწერა „კეინ გაიტანე გოლი“ გუშინ მაყურებელთა ეკრანებზე არაერთხელ მოხვდა, მის გვერდით „ფალკაო საუკეთესოა“-ც გამოჩნდა, თუმცა ყველაზე საინტერესო ინგლისელი გულშემატკივარის წარწერა იყო - „ჯონ, კატას აჭამე, სახლში ორი კვირის შემდეგ დავბრუნდები, მიყვარხარ“.

ჰარი მაგუაიერი

პირველ ნახევარში ვილმარ ბარიოსმა ჯორდან ჰენდერსონს თავი ჩაარტყა. თავიდან მას მკერდში, ხოლო შემდეგ ნიკაპში მოხვდა. ინგლისის ნაკრებიდან ჯარიმას ყველაზე აქტიურად ჰარი მაგუაიერი ითხოვდა, რომელმაც ჟესტებით ვიდეო რეფერის ყველაფერი იდეალურად აღუწერა.

ისევ ჰარი მაგუაიერი

მეორე ნახევარში კოლუმბიელი ფეხბურთელები აგრესიულად გამოიყურებოდნენ, მსაჯს მატჩის სადავეები რამდენჯერმე ხელიდან გაექცა. ერთ-ერთ მომენტში ჰარი მაგუაიერმა საჯარიმოში აშკარა სიმულაციას მიმართა, რამაც სამხრეთ ამერიკელები ძალიან გააბრაზა. ჰარის სიმულაცია ალბათ ყველამ ნახა, თუმცა ცოტამ თუ შეამჩნია, რომ იგი მალევე წამოდგა და მსაჯს სიმართლე თავად მოახსენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები