ჰუფნაგელის ახალი გუნდი - ქართველმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

ჰუფნაგელის ახალი გუნდი - ქართველმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი ლუკას ჰუფნაგელი გერმანიის რანგით მესამე ლიგაში დაბრუნდა. ''ფრაიბურგისა'' და ''ნიურნბერგის'' ყოფილმა ფეხბურთელმა ხშირი ტრავმების გამო ბუნდესლიგასა და მეორე ბუნდესლიგაში შესაძლებლობები ვერ გამოავლინა.

ჰუფნაგელი 2012-15 წლებში ''უნტერჰაჰინგში'' ასპარეზობდა. მიუნხენში დაბადებული 24 წლის ნახევარმცველი კლუბს დაუბრუნდა და ''უნტერჰაჰინგთან'' სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მოთამაშემ გასული წელიწადნახევარი  ''ნიურნბერგში'' გაატარა, თუმცა ტრავმების გამო მეორე ბუნდესლიგის მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

crystalsport-ის ცნობით ჰუფნაგელის გადაბირება მეორე ბუნდესლიგის ორ კლუბს სურდა. მათ შორისა იყო ''ჰოლშტაინ კილი,'' რომელიც გასულ სეზონში ბუნდესლიგაში აღზევებასთან ახლოს იყო და ფლეი-ოფში ''ვოლფსბურგთან'' დამარცხდა, თუმცა საბოლოოდ ჰუფნაგელი დაბრუნდა კლუბში, სადაც ყველაზე წარმატებული პერიოდი გაატარა.

ლუკას ჰუფნაგელი მიუნხენის ''ბაიერნის'' 17 წლამდე გუნდში ირიცხებოდა, 2012-2015 წლებში კი გერმანიის მესამე ლიგის “უნტერჰახინგში’’ ასპარეზობდა,  რომელსაც წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი კრისტიან ციგე წვრთნიდა. ლუკამ მესამე ლიგის 47 მატჩში 4 გოლი შეაგდო, 2015 წლის ზაფხულში კი “ფრაიბურგის’’ ფეხბურთელი გახდა.

''ფრაის'' მაისურით სადებიუტო სეზონში გუნდმა მეორე ბუნდესლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და ბუნდესლიგაში აღზევდა. აღნიშნულ სეზონში ჰუფნაგელმა კრისტიან შტრაიხის გუნდში 19 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი ბილეფილდის ''არმინიას'' შეუგდო. 2016-17 წლების სეზონის პირველ ნახევარში ჰუფნაგელი ''ფრაიბურგის'' შემადგენლობაში ირიცხებოდა, თუმცა გერმანიის ელიტარულ ჩემპიონატში არ უთამაშია და უკანასკნელი წელიწადნახევარი ''ნიურნბერგში'' გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები