ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. გუშინ კიდევ ორი მეთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. როსტოვში ბრაზილიამ მექსიკა პრობლემების გარეშე 2-0 დაამარცხა, ხოლო ბელგიამ საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და ბოლო წამებზე გატანილი გოლის წყალობით 3-2 იმარჯვა.

მექსიკელთა დუეტმა რუმინელებს მიბაძა

მექსიკელმა ფეხბურთელებმა, ხავიერ ჰერნანდესმა და მიგელ ლაიუნმა ბრაზილიასთან მატჩის წინ თმა ქერად შეიღებეს. გულშემატკივრებს მათ დანახვაზე ლეგენდარელი რუმინელი მეკარე, ბოგდან სტელეა და რუმინეთის ნაკრები გაახსენდათ, რომლებმაც ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიის და ინგლისის დამარცხების შემდეგ, მერვედფინალური მატჩის წინ იგივე რამ გააკეთა. სამწუხაროდ რუმინეთი ხორვატიასთან, ხოლო მექსიკა ბრაზილიასთან დამარცხდა.

ნეიმარის ახალი ბუცები

გუშინდელ მატჩში ნეიმარი ბრაზილიის ნამდვილი ლიდერი იყო. „პსჟ“-ს შემტევმა გოლი გაიტანა. მექსიკასთან შეხვედრაში ნეიმარი მოედანზე ახალი ბუცებით, 'Meu Jogo' Mercurial Vapor 360-ით გამოვიდა.

რაფა მარკესის რეკორდი

მექსიკის ნაკრებში რაფა მარკესის დებიუტი 21 წლის ასაკში შედგა. ბრაზილიასთან შეხვედრა მისთვის ეროვნულ გუნდში ჩატარებული 148-ე მატჩი გამოდგა. „სელესაოსთან“ დაპირისპირებაში რაფამ რეკორდი დაამყარა, იგი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე, თამაში ძირითადში დაიწყო.

მექსიკის ნაკრების წყევლა გრძელდება

მექსიკის ნაკრებს 1994 წლის შემდეგ არცერთი მსოფლიო ჩემპიონატი არ გამოუტოვებია, „ელ ტრის“ ჯგუფური ეტაპის გადალახვა არასდროს უჭირდა, თუმცა ტურნირის მერვედფინალში ზედიზედ მეშვიდეთ გამოეთიშა.

კურტუა გადარჩა

გუშინ ტიბო კურტუამ უპატიებელი შეცდომა დაუშვა, ბელგიელთა დაცვის კიპერს დაგორებული ბურთი გაუძვრა და კინაღამ კურიოზული გოლი გაუშვა. „ჩელსის“ მეკარის შეცდომას BBC-ის წამყვანი, მარტინ კიოუნი გამოეხმაურა და განაცხადა: „კურტუა რამდენიმე დღის წინ პიკფორდს აკრიტიკებდა და ახლა ბავშვურ შეცდომებს თავად უშვებს, სჯობს საკუთარ საქმეს მიხედოს“.

ვერტონგენის საოცარი თავური

გუშინდელ შეხვედრაში იან ვერტონგენმა უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. ყველაფერთან ერთად ბელგიის ნაკრების მცველმა მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა და თავით ბურთი ყველაზე შორი მანძილიდან გაიტანა. ვერტონგენის თავური 18.6 მეტრიდან განხორციელდა.

1970 წლის შემდეგ პირველად

ბელგიის ქამბექი ისტორიული გამოდგა. რობერტო მარტინესის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე 1970 წლის შემდეგ პირველი გახდა, რომელმაც ორბურთიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა მოახერხა. ბელგია ასევე 1966 წლის პირველი ნაკრებია, რომელმაც მუნდიალზე ორბურთიანი სხვაობის გაბათილება და მატჩის ძირითად დროში მოგება მოახერხა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები